თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

NI სამედიცინო სასწავლებელი დაარსდა 1918 წელს, მას I საფერშლო სკოლა ეწოდებოდა, ხოლო 1954 წლიდან კი პირველი სამედიცინო სასწავლებელი.

1924 წლიდან 14 წლის განმავლობაში საფერშლო სკოლას ალექსანდრე ნათიშვილი ხელმძღვანელობდა. 1964 წელს პირველ სამედიცინო სასწავლებელში გაიხსნა საღამოს დასწრებული განყოფილება „მედდის“ პროფილით.

1966 წელს სასწავლებელი გადავიდა ო. დგებუაძის ქ. №8-ში (რკინიგზის პირველ საშუალო სკოლის შენობაში) სასწავლებელში ორი წელი მიმდინარეობდა ფერშლების მომზადება, მესამე წელს გრძელდებოდა სწავლა მეანის (ბებია ქალის) მოსამზადებლად, კურსდამთავრებულები ღებულობდნენ ფერშალ - მეანის ან ფერშლის წოდებას.

პირველიც და სხვა სამედიცინო ტექნიკუმებიც სარგებლობნენ განათლების კომისარიატის პედაგოგიური ტექნიკუმის 1930 წლამდე არსებული პროგრამებით. შემდეგ სამედიცინო სკოლები სარგებლობდნენ რსფსრ საშუალო სამედიცინო სკოლების დებულებით და პროგრამებით.

ხოლო 1989-1990 წლების შემდეგ კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამებით.

ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების სტრატეგიის შესაბამისად და ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისად შპს საზოგადოებრივ კოლეჯში „ თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელი“ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამები გათვლილია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად, ჯანდაცვის სფეროს შრომის ბაზარზე დასაქმებისათვის საჭირო და აუცილებელი ცოდნის მოკლე ვადაში მისაღებად.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული პოტენციური დამსაქმებლები, რათა მათი მოთხოვნები მაქსიმალურად ასახულიყო მათივე მომავალი კადრების მომზადებისას. ამისათვის დაწესებულებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები საწარმოო პრაქტიკის გავლის თაობაზე ჯანდაცვის სფეროს ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა:

ს/ს „ბიოფარმი“, შპს „ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები“, შპს „ფარმ-მედ-გეო“, შპს „ქთბილისის#34 აფთიაქი“, შპს „მკურნალი 2002“, შპს „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“, შპს “ვივადენტი XXI“, „შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“, ფსიქონევროლოგიური კლინიკა „ვალეო 2006“ და ა.შ.

საწარმოო პრაქტიკას ხელმძღვანელობენ გამოცდილი ექიმები, ფარმაცევტები, ექიმი-ორთოპედები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში. შესაბამისად, ჩვენს პროფესიულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მუდმივი კონტაქტი იქონიონ პოტენციურ დამსაქმებლებთან და შეიძინონ პროფესიით დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.